Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2025 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს გუნდის დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით მეათე საერთაშორისო შეჯიბრში (18-20 ივნისი, 2025, ბრატისლავა).

შეჯიბრის შესახებ:

ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრი დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრს განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები, წევრი სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ. წინა წლების შეჯიბრის ვებ-გვერდი:  https://hsmcc2024.univie.ac.at/; https://ajk.kre.hu/hsmcc2023/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომლის გუნდიც დაშვებულია აღნიშნულ შეჯიბრზე.

 

2025 წლის შეჯიბრის სიმულაციური საქმის თემატიკაა დისტანციური მუშაობა, გამოსაყენებელი სამართალი შრომითი ურთიერთობისას; დასაქმებულთა წარმომადგენლობა, პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

 

მონაწილეობის წინაპირობები:

სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში  მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნული შესარჩევი, ასევე საერთაშორისო კონკურსში  მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2025 წლის 24 იანვრისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე hugomoot@tsu.ge, უნდა გამოაგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

 

სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

-  წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;

-  შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება.

თარიღი: 15/01/2025